გულზე დახატული ეროვნული სიმფონიური ორკესტრი | Zoma-სა და კონცეპტArt-ის მორიგი კოლაბორაცია

zomasa-da-konceptartis-kolaboracia

ტანსაცმლის ქართული ბრენდის, Zoma-სა და კონცეპტArt-ის თანამშრომლობა გრძელდება. მუსიკისა და სამოსის შერწყმის იდეით დაწყებული პროექტის მორიგი პრინტსერია ამჯერად ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თემატიკას შეეხება.  ZOMA-ს სამოსზე გამოსახულია ნიკოლოზ რაჭველის  მიერ შესრულებული ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სასცენო განლაგების ესკიზი.

„ყოველი პროექტის წინ მაესტრო ნიკოლოზი სასცენო გეგმას ამ სახით მიგზავნის ხოლმე, რის შემდეგაც იწყება დეკორაციაზე თუ გახმოვანების სტრუქტურაზე ფიქრი. ძალიან მიყვარს ყველა მათგანი, რადგან სულ მგონია, რომ ამ ნახატში ყოველთვის განსაკუთრებული ენერგია და სულისკვეთებაა ჩადებული”, – ამბობს კონცეპArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.

მაისურები მნიშვნელოვანი კონცერტის შთაგონებით შეიქმნა, რომლის მთავარი გმირიც ორკესტრთან ერთად მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი იყო. ამ მაისურებზე ორი როიალია გამოსახული – ერთ როიალზე ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო მეორეზე- ბექა გოჩიაშვილი უკრავდა.

„ის, რომ ეს ერთგვარი გრაფიკული ნახატი მოხვდა მაისურზე, რომელსაც ადამიანები ჩაიცვამენ და ივლიან ქალაქის ქუჩებში, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. გამომიცდია ის, როდესაც ჩემი შექმნილი მუსიკა საზოგადოებას აუტაცია, მაგრამ პირველად ხდება, როცა რაღაც კონკრეტული და საქმიანი ჩემთვის ჩავხატე, ეს კი შემდგომ დიზაინის ნაწილად იქცა“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, თითქმის 100 წლისაა.

„ევგენი მიქელაძის სახელობის  საუკუნოვანი ორკესტრი ისეთი მნიშვნელობისაა, რომ ფაქტობრივად გულზე დავიხატეთ“, – ამბობს თეონა.

მაისურების შეძენა შესაძლებელია გალერეა თბილისსა და საბურთალოს სითი მოლში. ასევე, ონლაინ: zoma.store.

 

წყარო: at.ge