fbpx

თევზის მოხმარების ტენდენცია და ბაზრის ზრდის პერსპექტივა

FAO-ს შეფასებით და მონაცემების კორელაციური ანალიზით დგინდება, რომ თევზის მოხმარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, მათ შორის შინამეურნეობების შემოსავლებზე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და ურბანიზაციის დონეზე.

FAO-ს მონაცემებით, თევზის გლობალური მოხმარების ზრდის ტემპი – 3.1% – თითქმის ორჯერ აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის 1.6%-იან ნიშნულს.

თევზის მოხმარება ყოველწლიურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების მოხმარება (თევზი – 3.1%, სხვა ცილოვანი პროდუქტები – 2.1%) და ორივე აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპს.

2018 წელს ერთ სულ მოსახლეზე თევზის მოხმარება (კგ/წელიწადში) | FAO, 2018 წელს:

Euromonitor-ის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში თევზის მოხმარება 10.8 აშშ დოლარი/წელიწადში და 8.04 კგ/წელიწადში იყო. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ჩამორჩება მსოფლიო, ევროპულ და განვითარებადი ქვეყნების მონაცემებს და სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში, დაბალ შემოსავლიანი სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების მონაცემსაც კი.

საქართველოში თევზის ყველაზე მაღალი მოხმარება 1990-იან წლებში იყო. ამის შემდეგ შეინიშნებოდა მკვეთრი შემცირება, რაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეიძლება აიხსნას. 2000-2017 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე თევზის წლიური მოხმარება 9-ჯერ გაიზარდა, 0.9 კგ-დან 8.04 კგ-მდე.

IMF-ის შეფასებით, 2026 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.5-ჯერ უნდა გაიზარდოს და 22,695 აშშ დოლარი შეადგინოს. გაეროს მონაცემებით კი 2030 წლისთვის საქართველოში ურბანიზაციის დონე 65%-ს მიაღწევს.

ამ პროგნოზიდან გამომდინარე, იზრდება ერთ სულზე თევზის მოხმარებაც. Euromonitor-ის მონაცემებით, 2026 წლისთვის საქართველოში ერთ სულზე თევზის წლიური 20.6 აშშ დოლარს მიაღწევს, 2031 წლისთვის 31.1 დოლარი იქნება, ხოლო 2040 წლისთვის კი 62.1 დოლარამდე გაიზრდება.

2031 წელს საქართველოს თევზის ბაზარი 110-115 მლნ. აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 2020 წელთან შედარებით დაახლ. 150%-იანი ზრდაა.

ამ ბაზრის 80-90%, დიდი ალბათობით, ისევ იმპორტული საქონელი იქნება, თუმცა ადგილობრივი წარმოებაც აჩვენებს ზრდის ჯანსაღ დინამიკას. საინტერესო შეიძლება იყოს ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პოტენციალიც, განსაკუთრებით ევროკავშირში.