fbpx

თევზის გადამამუშავებელი საწარმო უმალი ასორტიმენტს აფართოებს

tevzis-sawamo-umali

კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯისთან დაპარტნიორების შემდეგ თევზის მწარმოებელმა კომპანიამ უმალმა ასორტიმენტის გაფართოება დაიწყო.

უმალის მრავალფეროვან ასორტიმენტს სექტემბრიდან 2 ახალი პროდუქტი შეემატება, ესენია: ე.წ. შპროტი და თევზის პაშტეტი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ე.წ. შპროტი ადგილობრივად იწარმოება. ამ პროდუქტის ძირითადი იმპორტი ხდება რუსეთიდან, ამდენად უმალის კონკურენტი მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციაა. უმალი აღნიშნულ კონკურენციაში შესვლას მსგავსი საფასო კატეგორიითა და ბრენდისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის პროდუქტით აპირებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი პროდუქტი მასობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

უმალის მეორე ახალი პროდუქტი თევზის პაშტეტია. ამ შემთხვევაშიც ბრენდის პრიორიტეტი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა. უმალის თევზის პაშტეტი მომზადებული იქნება სრულად გადამუშავებული თევზისგან, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა ბაზარზე. ეს პროდუქტიც, შპროტის მსგავსად, პირველად იწარმოება საქართველოში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თევზის პაშტეტი ხელმისაწვდომ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი.

„ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს  თევზის მირთმევის საშუალება. ვეძებთ გზებს, რომ ყველანაირი სახით ყველა სეგმენტს მივწვდეთ.

ორივე პროდუქტი დახლებზე სექტემბრიდან გამოჩნდება.“ – აცხადებენ კომპანიაში.

„უმალის“ პარტნიორი-მეწილე 2021 წლის ივლისში გახდა კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯი.  სინერჯი კომპანიის განვითარებას, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, არაერთი გზით გეგმავს.

„ამ ეტაპზე პრიორიტეტია ასორტიმენტის განვითარება. კომპანიაში უკვე შევქმენით ასორტიმენტის განვითარების საბჭო და პროდუქტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები წამოვწიეთ – გავაძლიერეთ რგოლი ამ მიმართულებით. სწორედ აღნიშნული საბჭოს მუშაობის შედეგია ეს ორი ახალი პროდუქტიც.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ შეფუთვა, რომ უფრო კომფორტული იყოს მომხმარებლისთვის თევზის ყიდვაც, და შემდეგ მისი გამოყენებაც.

ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ უმალის ბრენდირების გაუმჯობესებასა და მისი ცნობადობის გაზრდაზე.“ – ამბობს სინერჯის პარტნიორი მარიამ ჟორჟოლიანი

თევზი ერთ-ერთი ჯანსაღი პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოში მუდმივად იზრდება, უფროდაუფრო ანაცვლებს თევზის პროდუქტები სხვა ხორცპროდუქტებს და გვსურს, რომ საქართველოც ამ ტემპს არ ჩამორჩეს. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ხარისხიან, სწორად შერჩეულ თევზს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს მოიხმარს, და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

იმ მასშტაბის წარმოება, როგორიც უმალს აქვს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, რეგიონში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჯერ პატარა კომპანიაა, თუმცა უკვე ბევრს მიაღწია, სწრაფი ტემპით იზრდება. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი დახმარებით ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბაზრის პერსპექტივიდან გამომდინარე, არსებულ კატეგორიაში დარჩენით დაახლოებით 3 წელიწადში კომპანიის ღირებულება და რეალიზაცია გაორმაგდება.

თუმცა, „უმალი“ მხოლოდ არსებულ კატეგორიაში დარჩენას არ განიხილავს და ვაპირებთ გაყინული თევზის კატეგორიაში შესვლასაც. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ექსპორტის პოტენციალსაც ვხედავთ“  – მარიამ ჟორჟოლიანი.

უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვისპროდუქტებს.  უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.