გულწრფელობა – რაც პირველ რიგში უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ გასაუბრებაზე | სინერჯი ინსაითი

გულწრფელობა გასაუბრებაზე

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გუნდის ახალი წევრის შერჩევისას? – ამ შეკითხვაზე პასუხად ყოველთვის ისმის დამაზუსტებელი კითხვები – გააჩნია რა შემთხვევაში? რა პოზიციაზე? რომელ კომპანიაში? რომელ სფეროში? და სხვ.

ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ალბათ, ყველა შემთხვევაში, ყველაზე მეტად შესაფასებელი და დასაფასებელია გულწრფელობა.

გულწრფელ კანდიდატთან დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა, ნათლად დაინახოს მისი პიროვნული თვისებები და შეაფასოს არა მხოლოდ გამოცდილება და უნარები, არამედ ორგანიზაციის კულტურასთან თავსებადობაც, რაც კრიტიკულია წარმატებული თანამშრომლობისთვის. თქვენ უკვე წინასწარ იცით მისი სუსტი მხარეები: რას უნდა მოელოდეთ მისგან, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რაში დასჭირდება დახმარება. ეს კი თანამშრომლობას უფრო ნაყოფიერს ხდის.

ჯობს აიყვანოთ გულწრფელი, მაგრამ არც ისე “იდეალური” კანდიდატი და რეალურად იცოდეთ, რას უნდა მოელოდეთ მისგან, ვიდრე კარგად შეფუთული “იდეალური” კანდიდატი და შემდეგ ინანოთ.

როგორ მივიღოთ კანდიდატისგან გულწრფელობა? – გასაუბრებაზე ზოგჯერ პირდაპირ მოუწოდებენ კანდიდატს მაქსიმალური გულწრფელობისკენ და აფრთხილებენ, რომ ეს შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამას გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა აქვს და კანდიდატსაც უფრო მეტად უბიძგებს გულწრფელობისკენ.

გულწრფელობა სამსახურის მაძიებლისთვისაც კარგი საშუალებაა, მოხვდეს სწორ ადგილას. თუკი კონკრეტული ორგანიზაციისთვის იგი არარელევანტური კანდიდატია, ჯობს თავიდანვე ცხადი იყოს და არ გაუშვას ხელიდან სხვა შესაძლებლობები, რომლებიც უფრო ახლოს იქნება მის პიროვნებასთან.

 

ნონა ქარქუზაშვილი

სინერჯი კაპიტალი, პარტნიორი