კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯი, რომელიც 2018 წელს „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შეიქმნა, თავის პორტფელში ამ დროისთვის 15-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა ღირებულების ზრდაზე მუშაობს.
კომპანიების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ზრდის და მასშტაბირების დიდი პოტენციალია, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იყენებენ. „სინერჯი“ ყიდულობს ასეთ კომპანიებში 20-50%-მდე წილს და ეხმარება ზრდაში.
„სინერჯის“ მთავარი კონტრიბუცია პორტფელის კომპანიებში:
- მათი სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებაა, კერძოდ, ზრდის პოტენციალის რეალიზებისთვის საჭირო სისტემური მექანიზმების შექმნა. რაშიც კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ 20 წლიან გამოცდილებას იყენებს;
- კაპიტალის მოზიდვაში დახმარება, რაც კომპანიებს ზრდის ფაზაში განსაკუთრებით სჭირდებათ;
- თანამედროვე კორპორატიული მმართველობის სტანდარტის ჩამოყალიბება, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი გუნდის ურთიერთობის გამართული მექანიზმების შექმნა.
დღევანდელი პორტფელი აერთიანებს საექსპორტო პოტენციალის მქონე წარმოებებს, მასშტაბირების პოტენციალის მქონე გაყიდვების ქსელებს, მომსახურების სფეროს:
ჩიკორის ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“;
8000 მოსავალი – ღვინის მაღაზია ბარების ქსელი;
სასარგებლო პური მზეთამზეს მწარმოებელი კომპანია გემოვანი;
ჯი.ვინო – ორგანული ღვინის ბარი და მაღაზია;
უმალი – წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში;
ანტრეკოტი – ნედლი ხორცის და მისგან წარმოებული ხორცპროდუქტების მაღაზია;
სახალხო აფთიაქი – საუბნო აფთიაქების ქსელი ქვეყნის მასშტაბით;
ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების ქართული კომპანია კუბიკი;
ტანსაცმლის ქართული ბრენდი ზომა;
კარიერული წარმატების ჯგუფი – კარიერული განვითარება და HR აუთსორსინგი;
ბიზნესფიდი – ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის;
ჩაიმანია – უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ყავის მაღაზიათა ქსელი;
კიდკო – პედიატრიული ცენტრი.
მიმდინარე წელს „სინერჯი“ კიდევ რამდენიმე კომპანიას დაიმატებს პორტფელში, ნაწილთან შეთანხმებები დასრულებულია, ნაწილთან შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს.
სინერჯისთვის საინტერესოა კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია 1-3 მლნ აშშ დოლარის ფარგლებშია, აქვს ზრდის პოტენციალი, შეიძლება იყოს საექსპორტო პერსპექტივის წარმოების/მომსახურების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით, საინტერესოა განათლების და ტექნოლოგიების სფეროები.