fbpx

სინერჯი თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა

კაპიტალის ზრდის კომპანია –  სინერჯი თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის – „უმალის“ პარტნიორი-მეწილე გახდა.

უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვისპროდუქტებს.  უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც სინერჯიში განმარტავენ, „უმალთან“ დაპარტნიორება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს:

„თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა გლობალურად გაიზარდა მისი ჯანსაღი და სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე (CAGR 6.98%), შესაბამისად, ამ მიმართულებას აქვს პოტენციალი არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაზარდოს წარმოება, არამედ პროდუქცია ექსპორტზეც გავიდეს. გარდა ამისა, კომპანიას უკვე აქვს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. “

„უმალის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში უმეტესწილად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

უმალის პროდუქციას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები: ISO 22000:2005, HACCP.

ცოტა ხნის წინ უმალი 2021 წლის Golden Brand-ის რიგით მე-16 დაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა ნომინაციაში: თევზეულის და ზღვის პროდუქტების N1 ოქროს ბრენდი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სტატუსს უკვე მე-4 წელია ინარჩუნებს.

სინერჯი კომპანიის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს: გაყიდების არხების გაფართოებით; თევზისა და ზღვისპროდუქტების ასორტიმენტის გაზრდითა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებით.

„კომპანია  „უმალი“ განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც სწორი პროცესებით მნიშვნელოვანი ზრდის მოხდენაა შესაძლებელი. ვვარაუდობთ, რომ კომპანიის ღირებულება 5 წელიწადში სულ ცოტა გასამმაგდება“ – ამბობენ სინერჯიში.

კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯი აგრძელებს პორტფელის გაფართოებას, ორგანიზაციას უახლოეს მომავალში კიდევ 2 ახალი, სწრაფად მზარდი კომპანია შეუერთდება.