fbpx

რა აუთვისებელი შესაძლებლობა არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე | სინერჯი

saxalxo-aftiaqi-farmacevtuli-bazari

მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანად ითვლება, ბაზარზე მოქმედი რამდენიმე ძალიან დიდი და ძლიერი კომპანიის არსებობის გამო, რომლებსაც ფართოდ გაშლილი სააფთიაქო ქსელები აქვთ, მათი დიდი ნაწილი ძირითადად კონცენტრირებულია ერთსა და იმავე ადგილებში: ხალხმრავალ ადგილებში – მოედნებზე, ბაზრებთან, დიდ სადგურებთან, დატვირთულ მაგისტრალებზე, როგორც ფეხით, ისე ავტომანქანებით მოსიარულეთათვის.

ასეთ ადგილებში კონკურენცია მართლაც ძალიან მაღალია: ახლო-ახლო განლაგებულ აფთიაქებს უწევთ ერთმანეთთან ფასებით, დიდი ნაშთებით ბრძოლა, რის სანაცვლოდაც ისინი ძალიან მაღალ საიჯარო გადასახადსაც იხდიან.

ე.წ. საუბნო აფთიაქების ნიშა მთლიანად თავისუფალია დღეს დიდი ქსელებისგან და მხოლოდ მცირე, არაბრენდულ აფთიაქებს აქვთ დაკავებული, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

მათ უკვე მიღწეულ მოცულობებთან შედარებით, ეს ნიშა საკმაოდ პატარაა. სხვადასხვა შეფასებით, მთლიანობაში ეს ბაზარი 250 – 300 მილიონ ლარამდეა. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა დიდი კომპანია თავისი საქმიანობით მნიშვნელოვნად აღემატება ამ მოცულობას.

ამ სეგმენტის ასათვისებლად მათ მოუწევთ რადიკალურად განსხვავებული ორგანიზაციის შექმნა როგორც ადგილმდებარეობის მხრივ, ისე მომხმარებელთან მუშაობის სტრატეგიით და რადიკალურად განსხვავებული მიდგომით თანამშრომლების მიმართ. აღნიშნულ სეგმენტზე სწორედ თანამშრომლების მონდომება და მომხმარებელთან ურთიერთობა, სწორად შერჩეულ ადგილმდებარეობასთან ერთად, განსაზღვრავს აფთიაქების წარმატებას.

დიდმა კომპანიებმა საკუთარი ბრენდების განვითარება მიმართეს უფრო მეტად ფეშენებელური ფილიალების, ვიზუალზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი და ძვირადღირებულ ასორტიმენტისკენ, რაც განპირობებული იყო მათი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული სტრატეგიით. იმ ადგილებში ეს აუცილებელი იყო ყურადღების მისაპყრობად. იმავე მახასიათებლებით საუბნო სეგმენტზე შესვლა ამ ბრენდებს ძალიან დააზიანებს, რასაც ყველა კომპანია ხვდება. შესაბამისად, ამ ბაზრისთვის მათ სრულიად ახალი ბრენდის შექმნაც მოუწევთ.

იმის გათვალისწინებით, რომ დიდი სააფთიაქო ქსელები ამ ბაზარზე აღარ და ვეღარ შედიან, დარჩა დაახლოებით 1500 არაბრენდული, კერძო აფთიაქი, რომლებიც აგრძელებენ ოპერირებას. მათი დიდი ნაწილი მცირე ასორტიმენტით, მაგრამ მაღალი ფასებით საქმიანობს, არ აქვს მომსახურების სტანდარტების სისტემურად შექმნის და მხარდაჭერის შესაძლებლობა, უჭირს სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობა, თანამშრომლების სწავლება-განვითარება. სულ უფრო ნაკლებ ნდობას იმსახურებენ მომხმარებლისგან მათი არაქსელურობის გამო და ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევთ დამოუკიდებლად.

სწორედ საუბნო აფთიაქების ბაზარზე გადაწყვიტა სახალხო აფთიაქმა ქსელურად განვითარება, რასაც ბოლო რამდენიმე წელია აკეთებს. დიდი სოფლები, რაიონული ცენტრები, საზღვრისპირა ქალაქები და დიდი ქალაქების საძილე რაიონები – ის ადგილმდებარეობებია, რომლის დაკავებასაც ცდილობს კომპანია.

საინტერესოა აგრეთვე, რომ აფთიაქების ეს ტიპი ძალიან საჭირო და მოთხოვნადია ხანდაზმულების მომსახურებისთვის. იმის გამო, რომ მათ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრა უჭირთ, მეტი ყურადღება სჭირდებათ პერსონალისგან და შედარებით იაფ პროდუქტებზე აქვთ მოთხოვნა. დიდი ქსელები მათი აფთიაქებით ამ სეგმენტს სათანადოდ ვერ ემსახურებიან.

დაახლოებით 800,000 პენსიონერი საკუთარი პენსიის 60%-ს სააფთიაქო საჭირობებზე ხარჯავ. შესაბამისად, ბაზრის ამ სეგმენტს დიდი მოცულობა აქვს და საუბნო აფთიაქებს, ეფექტიანი მუშაობის შემთხვევაში, მათთვის უკეთესი მომსახურების გაწევა შეუძლია.

საუბნო კონცეფცია საშუალებას აძლევს სახალხო აფთიაქსგაცილებით ნაკლები საიჯარო გადასახადებით (საშუალოდ 10ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე დიდი მაგისტრალური აფთიაქების შემთხვევაში), გაცილებით ნაკლები დასახელების, მხოლოდ საბაზისო ასორტიმენტით, შესაბამისად, უფრო მცირე ზომის და უბრალო აფთიაქებით უფრო დაუახლოვდეს მომხმარებელ და მას პერსონალურ ურთიერთობაზე დაფუძნებული სტაბილური, სტანდარტის შესაბამისი მომსახურება და მედიკამენტები შესათავაზოს უფრო იაფად.