fbpx

ბაზრის თავისუფალი ნიშა – სახალხო აფთიაქის საუბნო კონცეფცია

saxalxo-aftiaqi

სეგმენტი – ხანდაზმული ადამიანები

სახალხო აფთიაქი მის უმთავრეს მომხმარებლად ხანდაზმულ ადამიანებს მიიჩნევს და ცდილობს როგორც ასორტიმენტი, ისე მომსახურება სწორედ მათი საჭიროებების შესაბამისად განავითაროს.

ეს ადამიანები, როგორც წესი, სახლიდან ფეხით გადაადგილების მანძილზე საჭიროებენ აფთიაქის ქონას.

სჭირდებათ აფთიაქში ყოველთვის ეცალოთ მათთვის, არ სჭირდებოდეთ რიგში დგომა. იღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

ფასები ყოველდღე (და არა ფასდაკლების დღეებში) უნდა იყოს ისეთი, რომ მათი მწირი საპენსიო შემოსავლებით ახერხებდნენ წამლის საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას.

საჭიროებენ აფთიაქში წნევის, ხანდახან შაქრის გაზომვას პერიოდულად. და მათთვის სასურველია ეს ისე ხდებოდეს, რომ მომსახურე პერსონალი ამას როგორც საკუთარ მოვალეობას და სიხარულით აკეთებდეს.

სჭირდებათ გამოწერის და სახლში მიტანის მომსახურების არსებობა, რათა ოჯახის წევრები არ შეაწუხონ მათი საჭიროებებისთვის.

საჭიროებენ ტელეფონით შეხმიანებას რეგულარულად (სამ კვირაში ერთხელ მაინც) მოკითხვას, მდგომარეობის გადამოწმებას. რამდენიმე წუთიანი სატელეფონო გასაუბრებაც კი ძალიან დიდი ყურადღების გამოხატვაა მათთვის.

“სახალხო აფთიაქი” საუბნო აფთიაქების ქსელია, რომელიც ცდილობს, სადაც 1500 ოჯახი და განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, არ იყოს ხარისხიან ფარმაციაზე და მასთან დაკავშირებულ კონსულტაციებზე წვდომის გარეშე.

 

სეგმენტისთვის არჩეული კონცეფცია – “გეპი ბაზარზე” – საუბნო აფთიაქების მოდელი

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულები სააფთიაქო პროდუქტების და მომსახურების ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, დიდი სააფთიაქო ქსელები ვერ ახერხებენ მათი სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას.

ცნობილია, რომ პენსიონერების, რომელთა რაოდენობა დაახლოებით არის 800.000, ყოველთვიური პენსიის საშუალოდ 50-60% მედიკამენტებზე და სხვა სააფთიაქო პროდუქტებზე იხარჯება.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი სააფთიაქო ქსელები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ცდილობენ მათ სხვადასხვა სახის საფასო შეღავათები შესთავაზონ, მათი მომსახურება მაინც უჭირთ რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ასეთი ქსელების აფთიაქები ძირითადად ხალხმრავალ ადგილებზეა განლაგებული, რის გამოც დიდი ნაკადი ჰყავთ და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის საჭირო დროის და ყურადღების დათმობა ძალიან უჭირთ.

არადა ხანდაზმულებისთვის, რიგში არ მოუწიოს დგომა და ყურადღებით აუხსნან მედიკამენტის მოხმარების სპეციფიკა, ძალიან მნიშვნელოვანია.

  • რთულია ასევე მისასვლელადაც, თუ ქალაქში ან ცენტრში საქმე არ გაქვს სპეციალურად წამლის საყიდლად ხანდაზმულისთვის ასეთ ადგილებამდე მისვლა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
  • მაღალი იჯარის მქონე ფართებში ძალიან ჭირს დაბალი ფასის და შესაბამისად დაბალი ამონაგების მქონე მედიკამენტების გაყიდვისთვის ადგილის და დროის დათმობა.

შესაბამისად, როგორი ფასდაკლებაც არ უნდა გაუკეთონ, მაინც ძვირი გამოდის ასორტიმენტის დიდი ნაწილი.

  • ფასდაკლებების არსებული მიდგომა, რომელიც კონკრეტულ დღეებში დიდ ფასდაკლებებს გულისხმობს, მოუხერხებელია ხანდაზმულებისთვის. ვინაიდან ისინი იძულებულები ხდებიან, კონკრეტული კომპანიების ფასდაკლების გრაფიკს მოერგონ მოძრაობისას.

სწორედ ამ მიზეზების გამო, საუბნო კონცეფციის აფთიაქებისთვის განსაკუთრებით ეფექტიანია მაქსიმალური ფოკუსის ხანდაზმულებზე გაკეთება.

“სახალხო აფთიაქი” ჯერ თავისი 50-მდე აფთიაქით ვერ ახერხებს მათი დიდი ნაწილის მომსახურებას.

თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენი ქსელის განვითარების ტემპი მოგვცემს საშუალებას, 4-5 წელიწადში მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ მომხმარებლებთან და მათი დიდი ნაწილის მომსახურება შევძლოთ.

 

დეცენტრალიზაცია – დანიშნულების შესასრულებლად არჩეული მართვის მოდელი

“სახალხო აფთიაქი” ყოველდღიურად გვიმტკიცებს ამოცანების დელეგირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შედეგებს.

რაც უფრო მეტი ამოცანა გადავიტანეთ ფილიალებში, მით უფრო დაჩქარდა პროცესი.

ერთ-ერთი ცხადი მაგალითი ქსელის გაფართოების ამოცანაა, რომელსაც სხვა კომპანიები, როგორც წესი, ცენტრალურად წყვეტენ.

“სახალხო აფთიაქმა” შემდეგი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 150 საუბნო აფთიაქი უნდა გახსნას დამატებით. რაც საშუალოდ თვეში 5 აფთიაქია.

ამ ადგილებს პოვნა უნდა, ფარმაცევტებს მოძებნა, მომზადება, გახსნის ორგანიზება, ამუშავება. რაც საკმაოდ რთული მმართველობითი ამოცანაა.

ძლიერი აფთიაქების ცალკე იურიდიულ პირებად გაყვანამ, სადაც მენეჯერები ჩვენი პარტნიორები და თანადამფუძნებლები ხდებიან, მნიშვნელოვნად გაამარტივა ამის გადაწყვეტა.

მათი იურიდიული პირების ქვეშ ისინი აქტიურად ეძებენ საუბნო აფთიაქებისთვის შესაფერის ახალ ადგილებს, ამზადებენ კადრებს და ცდილობენ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაიყვანონ ახალი აფთიაქი მოგებაზე.

ბოლო სამ თვეში 10-მდე ასეთი აფთიაქი გაიხსნა და მათი უდიდესი ნაწილი უკვე მომგებიანია.

ცენტრალურ ოფისს კი დარჩა სააფთიაქო სერვისებით დაუფარავი დიდი რაიონების ათვისების გეგმის გაკეთება, სადაც მას თვითონ, სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ 15-20 აფთიაქის გახსნა მოუწევს.

დანარჩენი გაფართოვების ამოცანას კი აფთიაქები გადაწყვეტენ.

_____________________

საუბნო აფთიაქების ქსელი “სახალხო აფთიაქი” კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯის პორტფელური კომპანიაა, სადაც 75%-ს ფლობს და ზრუნავს მისი ღირებულების ზრდაზე.