fbpx

რა უპირატესობები აქვს „სახალხო აფთიაქს“ საუბნო აფთიაქების ბაზრის დასაკავებლად

saxalxo-aftiaqi-saubno-qseli

საუბნო კონცეფცია არის ის მთავარი ნიშა, რაც სახალხო აფთიაქს ფარმაცევტულ ბაზარზე სხვა დიდი სააფთიაქო ქსელებისგან გამოარჩევს.

საუბნო კონცეფცია გულისხმობს ფილიალების ისეთ ადგილებში გახსნას და მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას, სადაც არ არის ქსელური აფთიაქები, თუმცა მოსახლეობას ამის საჭიროება უდგას. ესენია: დიდი ქალაქების საძილე რაიონები, რეგიონები, საზღვრისპირა სოფლები და სხვ. აღნიშნული ნიშა დღეს ფაქტობრივად თავისუფალია და რიგ შემთხვევებში მხოლოდ ერთეული კერძო აფთიაქებია წარმოდგენილი.

ბაზარზე ამ სიცარიელის შევსება „სახალხო აფთიაქმა“ თავისი თვითორგანიზებადი, სწრაფად მზარდი ქსელით გადაწყვიტა.

სახალხო აფთიაქს აღნიშნული სტრატეგიით განვითარების შესაძლებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აძლევს, რაც, ამავდროულად, ბაზარზე მის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს:

  • სახალხო აფთიაქს 40-მდე საუბნო აფთიაქი დღეს უკვე აქვს, აქედან 6 თბილისში, დანარჩენი რეგიონებში. მათ შორის, ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ქსელური აფთიაქი არ ოპერირებდა (წალკაში, ლენტეხში, დმანისში, ბაღდათში, ასევე რამდენიმე სოფელსა და რაიონულ ცენტრში).
  • სახალხო აფთიაქმა კარგად იცის საუბნო აფთიაქის მუშაობის სპეციფიკა – ამ კონცეფციის შესაბამისი კადრების არჩევა და მათი მართვა, სწავლება-განვითარება, ასორტიმენტის, აქციების და შეთავაზებების, მომსახურების საუბნო კონცეფციით დაგეგმარება.
  • სახალხო აფთიაქს ასორტიმენტით მომარაგებისთვის არ სჭირდება საბრუნავი სახსრები. მის მომარაგებას უზრუნველყოფს საქართველოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია „გეფა“, რომელთანაც გამართული აქვს პროგრამული და ოპერაციული ურთიერთობა. მათ შორის ქსელის გაფართოების გეგმაც შეთანხმებულია და ამ გაფართოებაში პროდუქციით მომარაგების ამოცანაში პარტნიორობას გაუწევს.
  • სახალხო აფთიაქს ისეთი მართვის მოდელი აქვს, რომ დეცენტრალიზებულია ბევრი ამოცანა. კომპანიის სათავო ოფისში მუშაობს მხოლოდ 11 ადამიანი, რომელთაგან 4 ბუღალტერია, დანარჩენები კი ქსელის განვითარების და არსებული აფთიაქების გაყიდვების სტიმულირებაზე არიან კონცენტრირებული. ასეთი მცირე ცენტრალური ოფისის ხარჯი ამცირებს ქსელზე ფინანსურ დატვირთვას და უკეთესი საფასო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა.
  • მეორე მხრივ, სახალხო აფთიაქის საუბნოს კონცეფცია არსობრივად აგებულია სწორედ იმაზე, რომ ადგილებზე ფარმაცევტები იღებენ ბევრ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად – ასორტიმენტთან, მომსახურებასთან, გაყიდვებსა და შეთავაზებებთან, და მათ შორის პროდუქციის ფასთან დაკავშირებით. ამას სხვა ქსელები ერიდებიან, ამ დროს საუბნო აფთიაქში ეს კრიტიკულია წარმატებისთვის.
  • სახალხო აფთიაქის ფარმაცევტების მოტივაცია აგებულია ფასთა შორის სხვაობის ზრდაზე, რაც მათ სწორი ფასების დასმის უნარს უვითარებს – რომ არც მომხმარებელი დაკარგონ და არც საჭიროზე მეტი ფასდაკლება გააკეთონ.
  • სახალხო აფთიაქს ცალკე იურიდიულ პირებად გაყავს ამის მზაობის მქონე წარმატებული აფთიაქები, სადაც აფთიაქის მენეჯერები თანადამფუძნებლები ხდებიან იმ აფთიაქში. ამით მნიშვნელოვნად ეზრდებათ საკუთრების შეგრძნება კომპანიაზე, მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარების და ბიზნესის ზრდის მოტივაცია მატულობს.
  • ეს აჩქარებს საუბნო ლოკაციების დაკავების ტემპსაც. ვინაიდან მართვის ამ მოდელში ახალი აფთიაქების ფართის პოვნაზე, იქ საჭირო კადრების მომზადებასა და აფთიაქის გახსნის სამუშაოებზე თვითონ ფარმაცევტები ზრუნავენ, სადაც მენეჯერებად გადადიან და თავისი საქმის განვითარებას იწყებენ.
  • სახალხო აფთიაქი უკვე რამდენიმე წელია ფოკუსირებულია ხანდაზმულების მომსახურებაზე. გააჩნია მათზე მორგებული შეთავაზებები და შეღავათები – მათ შორის, ექიმის სახლში მისვლის, ადგილზე შაქრის და წნევის გაზომვის, მუდმივი ფასდაკლების, ადგილზე მიტანის და ა.შ. ეს უფრო საინტერესოს ხდის საუბნო ქსელს ამ სეგმენტისთვის.

 

სინერჯი დღესდღეობით სახალხო აფთიაქის 75%-იან წილს ფლობს და მისი ღირებულების ზრდაზე მუშაობს.