fbpx

ქსელის სწრაფი გაფართოების მიდგომა – საუბნო აფთიაქების ქსელის, სახალხო აფთიაქის ქეისი

სახალხო აფთიაქი საუბნო აფთიაქების ქსელია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სხვა მაგისტრალური ქსელური აფთიაქებისგან განსხვავებით უბნებშია განლაგებული, მათი ფარმაცევტები კარგად იცნობენ გარშემო მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზრუნავენ მათზე. სახალხო აფთიაქის მართვის მოდელი თვითორგანიზებად ქსელს ჰგავს, სადაც უშუალოდ აფთიაქებზეა დელეგირებული ბევრი ამოცანის გადაწყვეტა. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას, უფრო მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული იყოს და სწრაფადაც იმოქმედოს.

ასეთი მართვის მოდელში ქსელის გაფართოების ამოცანაც საინტერესოდ იჭრება საქართველოში 500-მდე წერტილია, რომელიც სახალხო აფთიაქის ფილიალის გახსნის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

არსებული აფთიაქების წარმატებულ მენეჯერებს, რომლებიც გამოირჩევიან თავისი აფთიაქის ასორტიმენტის სწორად დაგეგმვით, მომხმარებელზე ზრუნვით და მომსახურების მაღალი ხარისხით, ახერხებს თავის უბანში მომხმარებლებთან ურთიერთობების განვითარებას, სარგებლობს ნდობით, კარგად უძღვება აფთიაქის მართვას, კომპანია მათ პარტნიორობას სთავაზობს. აფთიაქი დამოუკიდებელი შპს-ს ფორმით გადის და მენეჯერიც წილის მფლობელი ხდება. ეს დიდი მოტივაციაა მათთვის, რომ როგორც საკუთარ ბიზნესზე ისე იზრუნონ აფთიაქის განვითარებასა და გაფართოებაზე. მენეჯერებისთვის დამატებითი ცოდნის და უნარების სწავლებაზე, რაც მცირე ბიზნესის მართვას უკავშირდება, კომპანია ცალკე რესურსს ხარჯავს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათ მოტივაციას და პროდუქტიულობას.

ამ სქემის მიხედვით მენეჯერებს აქვთ კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პოულობენ ადგილს საკუთარ რეგიონში. ეს პროცესი პარალელურად მიდის რამდენიმე ადგილას ქვეყნის მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო საუბნო აფთიაქების ქსელია, ადგილებიდან გამომდინარე მისი საიჯარო გადასახადი დიდი არ არის, კონცეფციიდან გამომდინარე არც აფთიაქის გარემონტება-აღჭურვა ითხოვს დიდ დანახარჯებს, ახალი აფთიაქის გახსნა დიდ რესურსს არ მოითხოვს და პოვნის შემდეგ პროცესი ძალიან ოპერატიულად მიდის.

ამასთან, კომპანია აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტების კარიერულ ზრდაზე ზრუნავს, რაც მოტივაციასა და შესაძლებლობას უჩენს მათ, უკვე მენეჯერის როლში გადავიდნენ და თვითონაც დააინიცირონ აფთიაქის გახსნა.

ამ სქემით, კომპანიას საშუალება აქვს მოკლე დროში მნიშვნელოვნად გააფართოვოს ქსელი. აღნიშნული მოდელით რამდენიმე კვირაში უკვე 10-მდე აფთიაქი გაიხსნა. წელს დაგეგმილი აქვს 40 აფთიაქიდან 60-მდე გაზარდოს, მომდევნო წელს კი 100-მდე..

სახალხო აფთიაქი სინერჯის პორტფელური კომპანიაა.