სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანია – პედიატრიული ქირურგიის ცენტრი – კიდ.კო 2019 წელს გაიხსნა და იგი სრულ სამედიცინო მომსახურებას უწევს პედიატრიული ასაკის პაციენტებს.
გარდა ამისა, “კიდ.კოს” ბაზაზე ფუნქციონირებს ნეონატალური ინტენსიური თერაპიის კლინიკა – “ენენსი”, რომელიც იღებს და მართავს ყველა სირთულის პაციენტებს, მათ შორის, დღენაკლულ და მცირე წონის ახალშობილებს.
ორივე კლინიკა აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და დაკომპლექტებულია უმაღლესი კლასის, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
1-ლი ნოემბრიდან “კიდ.კო” კოვიდ ცენტრად გადაკეთდა და სამედიცინო მომსახურებას უწევს კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებსა და ახალშობილებს.
კლინიკის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.

კიდ.კო-ში, პედიატრიული ასაკის პაციენტებთან ერთად, Covid-ის თერაპიულ, სტაციონარულ მკურნალობასა და მეთვალყურეობას გადიან ბავშვების თავდგმური პირებიც.
გახსნიდან რამდენიმე დღეში, მომართვიანობის გაზრდის საფუძველზე, კიდ.კო-მ საწოლთფონდი 28-დან 46 საწოლამდე გაზარდა.
"ორივე კლინიკა - “კიდ.კო” და “ენენსი” ჯამში გაშლილია 64 საწოლზე. პაციენტების გაწერა და მიღება მიმდინარეობს ყოველდღიურად. პრაქტიკულად ვმუშაობთ სრული დატვირთვით. კლინიკიდან უკვე გაეწერა 25-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი."

კიდ.კო, პაციენტების ასაკობრივი კატეგორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცდილობს შექმნას მშვიდი და კომფორტული გარემო. ამისათვის კლინიკაში მოწყობილია სასტუმროს ტიპის მყუდრო და კეთილმოწყობილი პალატები, გასართობი ზონა პატარებისთვის და სხვ.
მკურნალობის ეტაპზე ბავშვების განწყობაზე იზრუნეს სინერჯი კაპიტალის პორტფელში მყოფმა სხვა კომპანიებმაც. პატარა პაციენტებს ხის სათამაშოების ქართულმა კომპანია “კუ ბიკმა” – სათამაშოები, ხოლო ჩირის ბრენდმა “ჩიკორმა” ქართული ნატურალური ჩირები უსახსოვრა.
"ვცდილობთ, მკურნალობის პროცესი ბავშვებისათვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. პაციენტები თავსდებიან კეთილმოწყობილ პალატებში. ვცდილობთ, შევუქმნათ მათ გარემო, სადაც შეძლებენ გართობასა და კომუნიკაციას." - ირაკლი გამყრელიძე.

კიდ.კო-ში ამ ეტაპისათვის ამბულატორია ფუნქციონირებს ნაწილობრივ; გრძელდება გენეტიკური პათოლოგიის კონსულტირებისა და ლაბორატორიული მომსახურებები.
კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს კოვიდ შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ეტაპობრივად დაუბრუნდება.
ნახეთ ვიდეო კიდ.კო-ს არქივიდან, რომელშიც პედიატრი ოლღა თევზაძე დეტალურად აღწერს COVID-19-ის დროს გამოვლენილ სიმპტომებს: