fbpx

იაფეტი – გემოვანი პური ქართლში | მზეთამზე-გემოვანის რეგიონული გაფართოება

iafeti-gemovani-puri-mzetamze

გურიასა და სამეგრელოს შემდეგ გემოვანი პური ქართლში, კერძოდ დმანისში „იაფეტის“ სახელით გამოცხვება.

„მზეთამზეს“ მწარმოებელმა კომპანია „გემოვანმა“, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით, ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლების გზით დაიწყო. გემოვანი რეგიონულ ფურნეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, რომ აღადგინონ ან გააგრძელონ საქმიანობა სასარგებლო პურის ცხობით, ბუნებრივი საფუარი – პურის დედით, ფქვილით – ხელოვნური მინარევების გარეშე და გემოვანის ცოდნითა და მხარდაჭერით.

გემოვანი პური „იაფეტის“ გამოცხობის საქმეს დმანისში ლევან ნონიაშვილი უძღვება. პურის დედაზე დამზადებულ პურს ფურნეში ლევან ნონიაშვილი აქამდეც აცხობდა, თუმცა გადაწყვიტა, თავისი საქმიანობა გემოვანთან ერთად, „იაფეტის“ ბრენდის ქვეშ გაეგრძელებინა, რადგან ამ გზით განვითარებისა და წარმოების გაფართოების მეტ შესაძლებლობას ხედავს:

„ამჟამად პურით ვამარაგებ ქალაქ დმანისს და რამდენიმე მახლობელ სოფელს, დაახლოებით 10-12 მაღაზიაა. ჩვენი პურით მარაგდებოდა, ასევე, ადგილობრივი საბავშვო ბაღები და სათნოების სახლები. პანდემიამდე ჩვენი ფურნის პური იყიდებოდა თბილისშიც, დავიწყეთ შესვლა ქსელურ მაღაზიებშიც, როგორებიცაა: გუდვილი, უნივერსამი, ზღაპარი, ფრესკო და ა.შ.

მოგვიანებით, რიგი მიზეზების გამო, მოგვიწია, შეგვემცირებინა წარმოება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ფქვილის ფასის მატება, რამაც გაგვირთულა საქმიანობა. ვფიქრობ, გემოვანთან დაპარტნიორებით და მათი ბრენდის ქვეშ საქმიანობით მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ, რომ არამხოლოდ დავიბრუნოთ ის ქსელი და რეალიზაციის ობიექტები, რომლებიც აქამდე გვქონდა, არამედ უფრო გავფართოვდეთ და წარმოებაც გავზარდოთ.

ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის პურის დედაზე, ბუნებრივი ინგრედიენტებით გამომცხვარი ფურნის პურის მნიშვნელობა და გველოდება, როდის აღვადგენთ მიწოდებას.“

პური „მზეთამზე“ გემოვანის პირველი პროექტია, რომელიც პურის დედაზე ბუნებრივ საფუარზე მზადდება. რეგიონებში ადგილობრივი ფურნეებით გაფართოების პარალელურად, კომპანია გემოვანმა თბილისში პური „მზეთამზეს“ წარმოება ახალ, უფრო მასშტაბურ საწარმოში გადაიტანა და უახლოეს მომავალში წარმადობის გაზრდასაც გეგმავს.

გემოვანი კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯის პორტფელური კომპანიაა.