fbpx

აფთიაქების მენეჯერები ბიზნესის პარტნიორები ხდებიან | სახალხო აფთიაქის ქეისი

saxalxo-aftiaqi

მიმდინარე წელს სახალხო აფთიაქმა მართვის ახალ სქემაზე აქტიურად დაიწყო გადასვლა. ახალი სქემის მიხედვით, სახალხო აფთიაქში ყველა გამოცდილ, შედეგებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ მენეჯერს შეუძლია იყოს სახალხო აფთიაქის პარტნიორი. ეს იმას ნიშნავს, რომ აფთიაქში, რომელსაც მართავს მენეჯერი, ხდება ამავე აფთიაქში წილის მფლობელი. კერძოდ, სახალხო აფთიაქისა და კონკრეტული აფთიაქის მონაწილეობით რეგისტრირდება ცალკე ახალი შპს. ამ შპს-ში დამფუძნებელი არის სახალხო აფთიაქი და კონკრეტული მენეჯერი. წილების განაწილება იწყება 10%-დან; შესაძლებელია, მენეჯერის წილი გაიზარდოს 40%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება და როგორი ტრენდი აქვს აფთიაქის მომგებიანობას.

„აღნიშნულ სქემას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანია ქსელის გაფაროების ამოცანის ბუნებრივად გადაწყვეტა. პარტნიორობით ჩვენს მენეჯერებს ბევრად მეტი მოტივაცია ექმნებათ, რომ აფთიაქებში უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. ამ სქემით აფთიაქი მათი საკუთრებაც ხდება, ისინი დაქირავებული თანამშრომლები აღარ არიან სახალხო აფთიაქისთვის. შესაბამისად, მათი პირდაპირი მოტივაციაა, რომ თანდათან საკუთარი აფთიაქების ქსელი გააფართოვონ, ერთი აფთიაქის ნაცვლად შპს-ში რამდენიმე აფთიაქი ჰქონდეთ და იქ გაშალონ ქსელი მაქსიმალურად, საკუთარ ტერიტორიულ არეალში“ – განმარტავს თამარ ჯაბუა, სინერჯის პარტნიორი, ,,სახალხო აფთიაქის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

ამჟამად სახალხო აფთიაქს აღნიშნულ სქემაში ჩართული ოთხი ასეთი პარტნიორ-მენეჯერი ჰყავს: თბილისში, წალკაში, ხარაგაულსა და ტყიბულში.

ირმა თავბერიძე, რომელიც წლების განმავლობაში სახალხო აფთიაქის თბილისის (მეტრომშენის) ფილიალის მენეჯერი იყო, ახლა აფთიაქის ორი ფილიალის პარტნიორია. ირმასთვის აღნიშნული მართვის სქემა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა და, როგორც თავად აღნიშნავს, მეტი მოტივაცია გაუჩინა, აკეთოს საყვარელი საქმე:

„მართვის ეს მოდელი საშუალებას მაძლევს, ვიყო  კომპანიის   ბიზნესპარტნიორი – განვვითარდე და გავიზარდო  როგორც  მეწარმე;  ვიყო  ბევრად უფრო  დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში,  განვავითარო   ქსელი,  მოვძებნო  ეფექტური  გზები, რომ  მოვიზიდო   ახალი  მომხმარებელი  და გავზარდო   გაყიდვები.  ამ თანამშრომლობით  შესაძლებელია  ბიზნესის გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა“ – აღნიშნავს ირმა თავბერიძე.

სახალხო აფთიაქმა მართვის ახალ სქემაზე კაპიტალის ზრდის კომპანია – სინერჯისთან ერთად იმუშავა და 2019 წლიდან დაიწყო დანერგვა.

„ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და მენეჯერების მზაობაზე ვართ დამოკიდებულები. როდესაც ჩვენი მენეჯერები გამოთქვამენ სურვილს, რომ გახდნენ ჩვენი პარტნიორები, ამ დროს ვიწყებთ პროცესს.  

ამ ეტაპზე სახალხოს აფთიაქის მენეჯერები ხდებიან სახალხო აფთიაქის პარტნიორები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ნდობა პოტენციური პარტნიორის მიმართ და, ასევე, გამოცდილება და დროში დანახული შედეგები, თუ როგორ მართავს აფთიაქს მენეჯერი, რა კულტურა და ღირებულებები აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს მომხმარებლების, თანამშრომლების მიმართ და სხვ.  შესაბამისად, შიგნიდან ვავითარებთ ამ პროცესს.

სახალხო აფთიაქს სურს, ყველაზე ახლოს იყოს თავის მომხმარებელთან, როგორც ტერიტრიულად, ისე მისი საჭიროებების ცოდნითა და გათვალისწინებით; ასევე, კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობ და ლოიალურობა, რომელსაც მომხმარებელი აფთიაქისა და მისი თანამშრომლების მიმართ იჩენ – ამბობს თამარ ჯაბუა, სინერჯის პარტნიორი, ,,სახალხო აფთიაქის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

თათია იაგანაშვილი პირველი მენეჯერია, რომელიც სახალხო აფთიაქის პარტნიორი გახდა. მან 2020 წლის ბოლოს საკუთარი ინიციატივით მეორე აფთიაქიც გახსნა წალკაში, და კიდევ გეგმავს ქსელის გაფართოებას. აღნიშნული მოდელი მისთვისაც ბევრად ხელსაყრელი აღმოჩნდა:

„ადრე, როდესაც ქსელი ცენტრალურად იმართებოდა პატარა შეფერხების დროსაც ყველა ფილიალს გვექმნებოდა პრობლემა. ახლა კი ასეთი შეფერხებები ჩვენს ფილიალებზე ვეღარ ახდენს გავლენას და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ.

ასევე, დიდი უპირატესობაა ის, რომ ვართ დამოუკიდებლები გადაწყვეტილებებში – ეს იქნება, გაყიდვების მიმართ მიდგომა, მარკეტინგული აქტივობები თუ სხვა. მაგალითად, წალკაში, დედაქალაქისგან განსხვავებით, ზაფხულის სეზონი თვე-თვენახევრით გვიან დგება. შესაბამისად უფრო მოგვიანებით ხდება მოთხოვნადი ის მედიკამენტები თუ თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც ზაფხულშია აქტუალური. ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთ გვესმის, რა სჭირდება ადგილობრივ მომხმარებელს და როდის შევთავაზოთ მათ ესა თუ ის ფასდაკლება. ასევე, ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს ლოიალური მომხმარებლების მიმართ. კარგად ვიცნობთ მათ და, მაგალითად, შესაძლოა, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს სპეციალური პაკეტი ან ფასდაკლებაც შევთავაზოთ“ – განმარტავს, თათია იაგანაშვილი.

გაყიდვების შედეგების თვალსაზრისით, ის აფთიაქები, რომლებიც ამ მოდელზე გადავიდნენ, რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებენ, როგორც ჯამურად აფთიაქის შედეგით, ისე თითოეული თანამშრომლის შედეგებითაც.

სინერჯის პარტნიორი, თამარ ჯაბუა, აღნიშნავს, რომ „ადგილებზე, ლოკაციურად, მენეჯერების მიერ ქსელის განვითარების სურვილი და რეალურად მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით სახალხო აფთიაქისთვის ძალიან კარგი მექანიზმია. ყველაზე დიდ სირთულეს საქართველოს მასშტაბით შესაფერისი ადგილების ძიება წარმოადგენს, შემდეგ შერჩევა და გადაწყვეტილება აფთიაქის გახსნის შესახებ.  

ცენტრალიზებულად აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რთულია. ამ გზით კი ბუნებრივად, ბევრად კვალიფიციურად და დროში ეფექტურადაც ხდება ქსელის განვითარება.

ახალი აფთიაქების გახსნას, ადგილის სწორად შერჩევის გარდა, სჭირდება შესაბამისი კადრების შერჩევა და მომზადება. ასევე, ახლადგახსნილი აფთიქის ამუშავებაში დახმარება. ამ ყველაფრის გაკეება კი ბევრად ეფექტურად და სწორად ხერხდება ადგილზე მომუშავე, ძლიერი და გამოცდილი მენეჯერების მიერ.

სახალხო აფთიაქი ქსელის განვითარებას რეგიონებში, დიდ სოფლებსა და საზღვრისპირა ქალაქებში აქტიურად აპირებს. აღნიშნული მიდგომით კი ქსელის გაფართოება ბევრად უფრო სწრაფად და ადვილად მოხდება.

ქსელს ახალი სქემით უკვე დაემატა აფთიაქები ხარაგაულსა და ტყიბულში. ასევე, უახლოეს ორ თვეში იგეგმება ფილიალების ცალკე შპს-ებად გასვლა:  ჭიათურაში, დმანისში, ზესტაფონსა და ბაღდათში.

სახალხო აფთიაქი სინერჯის პორტფელური კომპანიაა.